კუნსტჰალე თბილისი და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოგიდგენენ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ქანდაკებების გამოფენას „Tabula Rasa. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი: 20 წელი საქართველოში“
გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი
გამოფენის გახსნა: შაბათი, 4 მაისი, 18:00 – 20:00 სთ
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ხელოვანი და დიპლომატია. ის 2009 – 2013 წლებში იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში. ამჟამად კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში წარმოდგენილია ხელოვანის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული შვიდი აბსტრაქტული ქანდაკება. ფონ ჰაბსბურგი, ძირითადად უჟანგავი ფოლადის მასალით მუშაობს და ამ მედიუმში შესრულებული გეომეტრიული ფორმების სხვადასხვა ვარიაციაში განლაგებით ქმნის თავისი ნამუშევრების ვიზუალურ ენას. გამოფენაში მასთან ერთად მონაწილეობს VA[A]DS-ის ოთხი სტუდენტი (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა): გიორგი გელაძე, გიორგი ვარდიაშვილი, სალომე ჩიგილაშვილი და ლიზა ცინდელიანი.
გამოფენა Tabula Rasa იკვლევს პარალელებს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგისა და სტუდენტების ნამუშევრებს შორის. ხელოვანისათვის საქართველო არის ქვეყანა საკუთარი, განსხვავებული სახელოვნებო იდენტობით, რომელიც დამოუკიდებელია დასავლური ხელოვნების კონტექსტისგან და სადაც მას შესაძლებლობა ეძლევა შექმნას ნამუშევრები ამ “სუფთა ფურცელზე”. ფონ ჰაბსბურგის მსგავსად გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ შემოქმედებით ცხოვრებას, იმპულსებს ყოველდღიური გარემოსაგან იღებენ და არ განიცდიან წინამორბედ შემოქმედთა გავლენას. გამოფენისათვის სალომე ჩიგილაშვილმა შექმნა სამგანზომილებიანი ინსტალაცია საუნდით; ლიზა ცინდელიანის ფოლადის სკულპტურა ეხმიანება მუზეუმის ეზოს სივრცეს. გიორგი ვარდიაშვილმა ხარაჩოებისგან ტრიუმფალური თაღი ააწყო, რომელიც სამშენებლო ბადითაა შეფუთული; ხოლო გიორგი გელაძემ სამშენებლო მასალით ბანერის მასალაზე დახატვით შექმნა ნამუშევარი. გამოფენას თან ერთვის კატალოგი კიმბერლი ბრედლის და სოლ ანტონის ტექსტით.