ნიკა ქუთათელაძე წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე
წარმოიდგინეთ სოფელში ნანახი წყლის წისქვილი ქალაქის პატარა საბჭოთა ბინაში. ეს ინსტალაცია ნიკა ქუთათელაძის 2016 წელს დაწყებული ტრილოგიის ბოლო ნაწილია. გურიის სოფლიდან ნაწილ-ნაწილ ჩამოტანილი წისქვილი ქუთათელაძემ ხელახლა ააწყო ერთოთახიან ბინაში, ყაზბეგის გამზირზე,რომელსაც ადრე პავლოვის ქუჩა ერქვა - შესაბამისად ინსტალაციის სახელი პირდაპირ აღწერს ნამუშევარს. ავტორმა ის ელემენტები გამოფინა საქართველოს საბჭოთა ისტორიიდან, რომლებიც მისპირად წარსულს უკავშირდება. ეს ბინა და წისქვილი ერთდროულად არის საჯარო და პირადი ემოციური მეხსიერების “ძეგლები”. ტრილოგიის პირველ ნაწილში, „კედელი, ბიაზი, პარკეტი“, ქუთათელაძემ გამოიყენა საბჭოთა დროის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის შენობის ნაწილები. აღნიშნული შენობა, რომელიც ყაზბეგის გამზირზე იდგა, აღარ არსებობს, დღეს მის ადგილს ცათამბჯენი იკავებს. ინსტალაცია სწორედ პოსტსაბჭოთა ცვლილებებს ასახავდა: როგორ იშლება წარსულის ყოფითი დეტალები და რჩება მათი კვალი ადამიანების ქვეცნობიერებაში. ცათამბჯენის მსგავსად, სოფლის წისქვილიც მოუხერხებლად გაჭედილია საბჭოთა ბინაში. თავის სხვა ნამუშევრებშიც ქუთათელაძე იყენებს მის ბავშვობასთან დაკავშირებულ ადგილებს, მათ შორის, სათამაშო მოედნებს. ის ცდილობს,გააცოცხლოს როგორც პირადი, ისე სხვა ადამიანების მოგონებები.
ნიკა ქუთათელაძე, დაიბადა 1989 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის მიმართულებით და გაიარა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA) არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის კურსი. ქუთათელაძე იმყოფებოდა რეზიდენციაში La Station-ში (ნიცა, საფრანგეთი) 2015 წელს და იარატის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (ბაქო, აზერბაიჯანი) 2017 წელს. მის პერსონალური გამოფენებს შორის აღსანიშნავია: „კედელი, ბიაზი, პარკეტი“ (2016 წ), რომელიც იარე ფეხით-ის ინიციატივით გაკეთდა და 2017 წლის „მარშრუტკა“ და სათამაშო მოედანი ჩემს ძველ ბინაში“, მიცკევიჩის 20, თბილისი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენებშიც, მათ შორის, Festinova Garikula-ზე, 2014-2015 წლებში.